ჩხოროწყუს ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიას განცხადებით, პარტია “საქართველოსთვის” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსში არ არის. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“ჩვენ სისტემურ ალიანსს არცერთ პარტიასთან არ ვქმნით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია სულ რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური გზა, იდეოლოგია, რომლსაც მთელი შემართებით ვემსახურებოდით. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, “ქართულ ოცნებას”, “ლელო საქართველოსთვის”, მათ თავიანთი პოლიტიკური კურსი და გზა აქვთ, რომელსაც ადამიანურ დონეზე ძალიან დიდ პატივს ვცემთ და აქედან გამომდინარე, არავის არ აქვს უფლება და მიზეზი იმისა, რომ წამოგვაძახოთ, რომ შერწყმაში ვართ ერთმანეთთან. დღევანდელი შედეგი არის დამყარებული მათ კეთილ ნებაზე და მინდა მადლობა მათ ვუთხრა იმისათვის, რომ ჩხოროწყუელების უმრავლესობის ნათელ არჩევანს ზურგი არ აქციეს”, – განაცხადა შოთა წურწუმიამ.
მისივე თქმით მოადგილეების არჩევის დროს გათვალისწინებული იქნება პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.
“გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ არა, გვინდა ახალი პოლტიკური რეალობა დავამკვიდროთ. გამომდინარე აქედან, შესაძლებლობის და დამსახურების გათვალისწინებით შევეცდებით ბალანსის დაცვას”, – განაცხადა შოთა წურწუმიამ.
ჩხოროწყუს საკრებულომ დღეს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმოადგენელი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”. დღესვე თავმჯდომარემ მოადგილეები უნდა დანიშნოს.
შოთა წურწუმიას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი.
შოთა წურწუმია მუშაობდა მერიის კულტურის სამსახურში. ამასთან, იყო წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”.