თელავში საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე 50 000 ლარი დაიხარჯება

558

თელავის მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების მოწყობაზე და ღონისძიებებზე 50 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საახალწლო განათებების მონტაჟი თითქმის დასრულებულია. 24 დეკემბერს კი თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. მოეწყობა საშობაო სოფელი, რომელიც 14:00 საათიდან გაიხსნება. ასევე, 14:00 საათზე ბავშვებისთვის ღონისძიებას ანიმატორები გამართავენ. საშობაო სოფელში მისულ პატარებს სანტა კლაუსი უმასპინძლებს და საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.

14:00 საათიდან 21:00 საათამდე, თელავის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნატურალური პროდუქტები და ნივთები გამოიფინება.

16:15 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ,,პატარა კახის და ,,წინანდალის,, მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. 18:30 საათზე კი თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, პატარებთან ერთად საზეიმოდ აანთებს ნაძვის ხეს.

საახალწლო განათებაზე და ღონისძიებებზე თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ თელავი ახალ წელს ორი დიდი ნაძვის ხით შეხვდება.