წალენჯიხის მერი: საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, მაგრამ დამარცხებულ „ოცნებას“ წამყვანი თანამდებობების დაკავების ამბიცია აქვს და მოკავშირეებს გახარიას პარტიაში ეძებს

629

წალენჯიხაში ბრძოლის ნაწილი უზურპაციის წინააღმდეგ საკრებულოშია ახლა გადატანილი, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს მოპოვებული, დამარცხებულ „ქართულ ოცნებას“ აქვს წამყვანი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების ამბიცია და ამას, ხარჩილავას განმარტებით, დაშინებისა და შანტაჟის ნაცადი მეთოდებით მოკავშირეების მოძიების გზით ცდილობს.

წალენჯიხის მერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ მოკავშირეებს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის ეძებს, რადგან საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ საკმაოდ ძლიერია თავის პოზიციაში.

„საკრებულოში 1/3 აიღო ხელისუფლებამ, დანარჩენი ვართ ოპოზიცია. გახარიას პარტიამ 3 ხმა აიღო, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ფორმირებისას და პირველ ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“. მე მინდა გითხრათ, რომ წინა საკრებულოში, სადაც ოპოზიციას 30% ჰქონდა, მას არც ერთი საკვანძო თანამდებობა არ ეკავა, ანუ „ოცნებას“ ჰქონდა სრული დომინანტობა. ამ პირობებში, „ოცნებას“ აქვს ამბიცია, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე და წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ანუ წაგებულ „ოცნებას“. რის ხარჯზე? – ეძებს მოკავშირეებს ისევ იმ მეთოდებით – შანტაჟით, მოსყიდვით, დაშინებით. იქ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მყარი, „ლელო“ არის ძალიან მყარი და, ალბათ, ვისკენაც მიდის ეს, არის გახარიას პარტია. ვერ ვადასტურებ ამას, ხვალ გამოჩნდება ეს, ხვალ დაუდგებათ მათ არჩევანი.

როგორც კი გახარიას პარტიამ თვითონ დეკლარირებულად განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკური ფასი ჰქონდა, ამ თავისი გაგებით დაბალანსებას, რაც მე მართალი გითხრათ, არ მესმის, მაგრამ რადგან მან ამოწია ეს წინადადება, დღესაც ვადასტურებ, რომ მხარს ვუჭერ მათ კანდიდატს თავმჯდომარის პოზიციაზე იმ ფორმულირებით, რომ საკრებულოს უმრავლესობა იქნება ოპოზიციური.

იმ პირობებში, როდესაც სხვა პოლიტიკური თანამდებობები ძირითადად იქნება ოპოზიციური ანუ საკრებულოში უმრავლესობა აეწყობა ოპოზიციურ ღერძზე. თუ ეს სხვანაირად განვითარდა, ვადასტურებ, რომ ეს მოხდება იმ მეთოდების რეალიზაციის ხარჯზე, რაც ხელისუფლებამ აქამდე გამოიყენა სხვადასხვა საკრებულოში და მათ შორის, გახარიას პარტიის რამდენიმე წევრის მოსყიდვის, შანტაჟისა და მუქარის გზით,“- განაცხადა გია ხარჩილავამ.