თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო

693

სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ დანიშნა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კოტე იოსელიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების საქმეს განიხილავდნენ. კოტე იოსელიანის თქმით, აბსურდია ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლო პროცესის იმ მოტივით გადადება, თითქოს მათ ვერ შეძლეს რამდენიმესაათიანი საპროტესტო აქციის მასალის გაშიფვრა და გაანალიზება.

“პოლიციამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლო ორსაათიანი ვიდეო მასალის გაშიფვრა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოში, სადაც დადასტურდებოდა, რომ თითქოს ჩვენ პოლიციელებს არ ვემორჩილებით. სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას პროცესის გადადების შესახებ, დაეთანხმა. ჩვენ გადადებაზე თანახმა ვიყავით, თუმცა გვსურდა არჩევნებამდე ჩატარებულიყო სასამართლო, რადგან ბრალდებულთა შორის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან”, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის გადაიდო.

წყარო: ინტერპრესნიუსი