ამოღებულია 11 500 დოლარი და 52 245 ლარი – სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს

913

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ, მოქალაქეს, ქრთამის სახით, 8 465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს ერთჯერადი ფაქტი არ ყოფილა და ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, პირადი მიზნებისთვის, სისტემატურად იყენებდა.

„შედეგად, ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.