ნინო თანდილაშვილი: თუ საწარმოები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, დაჯარიმდებიან გასამმაგებული საჯარიმო სანქციით

466

2021 წელს რუსთავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 24 საწარმო შეამოწმა და მონიტორინგის პროცესი იანვრიდან აქტიურად უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ვალდებულებები ჯერჯერობით არ სრულდება.

“ვერ ვიტყვი, რომ დაწესებული ვალდებულებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით სრულდება აბსოლუტურად საწარმოების მხრიდან. ცალკეულ მათგანს დაწყებული აქვს მოსაზმადებული სამუშაოები  იმისთვის, რომ ფილტრაციის და მონიტორინგის სისტემები განათავსოს, მაგრამ დინამიკა აჩვენებს რომ ხანგრძლივი პროცესი დასჭირდა ბიზნესს ამ ვალდებულებების შესრულებისთვის. ეს საწარმოები შემოწმდებიან და თუ ისინი არ შეასრულებენ ვალდებულებებს, დაჯარიმდებიან გაორმაგებული და გასამმაგებული საჯარიმო სანქციით,”- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

დღესვე, კომიტეტის სხდომაზე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ  რუსთავის “აზოტის” საწარმოს გადაიარაღების პროგრამა დაიწყო.  მისივე თქმით, 4 მილიონი ევროს მხარდამჭერი პროგრამა ითვალისწინებს საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგავას და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ რუსთავის აზოტის ტექნოლოგიური გადაიარაღების პროგრამა, რომელსაც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ვახორციელებთ. 50% თანადაფინანსება გერმანიის მთავრობის, 50% თანადაფინანსება არის საწარმოსი. 4 მილიონი ევროს მხარდამჭერი პროგრამა ითვალისწინებს იმას, რომ საუკეთესო ტექნოლოგიები დაინერგოს და ჰაერში გაფრქვევების თვალსაზრისით შემცირდეს იმ მავნე ნივთიერებების გაფრქვევა რომელიც ჰაერის დაბინძურებას იწვევს,” – განაცხადა მაია ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე.