მინისტრის მოადგილე ჰაერის დაბინძურებაზე არ არის ახალი ვალდებულება, რომ საწარმოებს ჰქონდეთ ფილტრები, ვიქნებით უფრო მკაცრები

439

“ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ თანმიმდევრული აღსრულებით შევძლოთ, რაღაც პერიოდში, კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს არ არის მარტივი პროცესი, მოითხოვს ძალისხმევას როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სექტორისგან,”- ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსცების კომიტეტის სხდომაზე, ჰაერის დაბინძურების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კომიტეტზე დღეს ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო 2021 წელს  გარემოსდაცვით კანონში შესულ ცვლილებებს და მიმდინარე პროცესებს, რომელიც საწარმოების გადაიარაღებას ითვალისწინებს, რამაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი უნდა შეამციროს.

ასევე, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მომდევნო წლიდან გარემოსდაცვის კუთხით აღსრულების ნაწილი განსაკუთრებით გამკაცრდება.

“ვფიქრობ, რომ მომდევნო წლიდან განსაკუთრებით გამკაცრებული იქნება სახელმწიფოს აღსრულების სისტემა,  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოების მხრიდან უკვე დაწესებული ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის შესრულების ვალდებულებაც უკვე მათ დიდიხანია ჰქონდათ. ეს არ არის ახალი ვალდებულებები, რომ მათ ჰქონდეთ ფილტრები და ამ ფილტრების გამოყენებამ შეამციროს ჰაერის დაბინძურება. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით უფრო მკაცრები საწარმოების მიმართ, რომ დაწესებული მოთხოვნები მათი მხრიდან შესრულდეს და ჩვენ ის ვალდებულებები, რაც ჰაერის გაუმჯობესების გეგმით მთავრობამ და მუნიციპალიტეტმა ავიღეთ ერთობლივად, საწარმოებთან ერთად, ეს აუცილებლად უნდა შესრულდეს. შესრულდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იგრძნონ შედეგი აი ამ კონკრეტული რეგულაციების, რაც სახელმწიფომ უკვე მიიღო,”- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.