აშენდება თუ არა გომბორის უღელტეხილზე გვირაბი

359

თელავი-თბილისის დამაკავშირებელ გხაზე, რომელიც გომბორის უღელტეხილზე გადის, გვირაბი აღარ აშენდება. აღსანიშნავია, რომ გვირაბის მშენებლობა რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა, როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამჟამად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის კმ33-კმ59 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავიდან თბილისში საავტომობილო გზით მოხვედრა 2 მარშრუტითაა შესაძლებელი, გურჯაანზე გამავალით, რომელიც 150 კმ-ზე მეტია და გომბორზე გადასვლით, სადაც მანძილი 95 კმ-მდე მოკლდება.

2017 წლის მაისში კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა განიხილებოდა. იმ პერიოდში, კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მთავრობა ტურისტული მიზნებისთვის კახეთში რკინიგზის აღდგენისა და აეროპორტის გახსნის დაპირებასაც იძლეოდა. ძველი პროექტებიდან მხოლოდ ავტობანი შემორჩა, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა.

გომბორის გზაზე გვირაბის აშენების იდეა 2012 წელს წინა ხელისუფლების დროსაც განიხილებოდა.

თავად გომბორის გზაც წინა ხელისუფლების დროს, 2010 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ძველი გზის რეაბილიტაცია 43 მლნ ლარი დაჯდა.

ამჟამად კახეთის მიმართულებით მსხვილი პროექტებიდან მხოლოდ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის მშენებლობა იგეგმება. გზა ოთხზოლიანი იქნება და მასზე 650 მლნ ლარი დაიხარჯება.