ხარაგაულის მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში ცვლილებებია

407

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ პროგრამაში 2022 წლიდან ცვლილებები შედის. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ცვლილება სადღესასწაულო დღეებში დახმარების გაცემას, მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს ეხება.

„ამ დრომდე, სადღესასწაულოდ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით ვეხმარებოდით, – ამბობს ნანა კიკნაძე, – გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს სადღესასწაულო დღეებში თანხა 50-50 ლარის ოდენობით მივცეთ. ისინი თავად გადაწყვეტენ, რა შეიძინონ.

ამ ქვეპროგრამის დასაფინანსებლად სხვა პროგრამებში არსებულ თანხობრივ დანაზოგებს გამოვიყენებთ.

ჩვენ ბენეფიციართა შერჩევის პროცესში არ ვერევით. ინფორმაციას უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან და მაჟორიტარი დეპუტატებისგან ვიღებთ. მათ უკეთ იციან, სოფლებში რომელ ოჯახს რამდენად უჭირს. აქცენტი, რა თქმა უნდა, მოწყვლად ჯგუფებზე გაკეთდება.

2022 წლიდან მარტოხელა მშობლები წელიწადში ერთხელ, 200 ლარის ნაცვლად, ყოველთვიურად 50-50 ლარს მიიღებენ.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 20 ათასი ლარით მოიმატებს. კერძოდ, გაიზრდება თითოეულ ბავშვზე დახმარების ოდენობა და წელიწადში ერთხელ, 50 ლარის ნაცვლად, წელიწადში ერთხელ 100 ლარით განისაზღვრება“.

ხომ არ გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა შშმ პირებისთვის ცალკე პროგრამების ამოქმედებას, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ნანა კიკნაძე გვპასუხობს, რომ შშმ პირების, მათ შორის ქალების, დასაქმების ხელშემწყობ პროგრამას ვერც შეიმუშავებენ, რადგან რეალურად სამუშაო ადგილებიც არ არსებობს.

„ხარაგაულში პრობლემაა ის, რომ შშმ პირებისთვის გარემო სრულყოფილად ადაპტირებული არ არის, – ამბობს ნანა კიკნაძე, – თუმცა, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური აკონტროლებს, რომ ყველა ახალაგებული შენობა-ნაგებობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს“.