ღარიბაშვილი: 2022 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.3 მლრდ დაიხარჯება

515

რეკორდულია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის განსაზღვრული 2022 წლის ბიუჯეტი, რომელმაც 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაბათს, 18 დეკემბერს, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება.  ასევე ღარიბაშვილის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის კიდევ 50 კმ შევა ექსპლუატაციაში, რის შედეგადაც გადაადგილების დრო კიდევ 20 წუთით შემცირდება.

“აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის დასრულების შემდგომ კი, ყველა მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, მგზავრობის დრო განახევრდება და 8 საათის ნაცვლად, წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობა დაახლოებით 4 საათში იქნება შესაძლებელი. ასევე მინდა ვთქვა, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი გზებიც გავხსენით. ეს იყო იმერეთის და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი ახალი გზა, რომელმაც თბილისიდან ონამდე ჩასვლა მხოლოდ 3 საათში გახადა შესაძლებელი და უკვე საგრძნობლად გაზარდა რეგიონის ვიზიტორთა რაოდენობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უწყვეტად მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები და 4 წელიწადში ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება.

„უწყვეტად მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები. ამჟამად 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტებით 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან 200 000 ადამიანს არასდროს ჰქონია წვდომა წყალმომარაგებაზე. 4 წელიწადში ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება“,- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.