დაგეგმილი კონცერტის გამო ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი ქუთაისში

334

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

დილიდან გადაკეტილია ცენტრალურ მოედანი, სადაც სცენას აწყობენ. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს უნდა აინთოს. ღონისძიება 19:00 საათზეა დაგეგმილი. გაიმართება კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე.

სამზადისის გამო შეცვლილი სვლაგეზით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 20 დეკემბერს 1 (წრიული) ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათიანის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, “ბალახვანში” ცენტრიდან მობრუნდება ტაბიძის ქუჩაზე და იმოძრავებს წითელი ხიდის მიმართულებით.

N⁰ 3 ავტობუსი , წითელი ხიდის და ცენტრალური მოედნის ნაცვლად, გაჩერდება კინო “საქართველოსთან” და სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირით.

N20 და N 4 ავტობუსები ვერ დაუკავშირდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და თამარ მეფის ქუჩას. იმოძრავებენ წითელი ხიდიდან თაბუკაშვილის და ავტომშენებლის ქუჩების მიმართულებით.

N⁰5 სვლაგეზის 3 ავტობუსიდან ორი ავტობუსი ივლის თაბუკაშვილი-წითელი ხიდის მიმართულებით, ხოლო ერთი იმოძრავებს ჯაჭვის ხიდი- შავგულიძის ქუჩის მიმართულებით.

არ იცვლება N⁰19 და N 1 ავტობუსების სვლაგეზები.

მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა დაგეგმილი. ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.