“ნაპირსამაგრი ნაგებობა, რომლისთვისაც 56 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, განადგურებულია” – ენმ ბათუმის მერისგან განმარტებებს ითხოვს

622

ბათუმის მერიის შენობაში, სადაც დღეს საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, დილიდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან შეკრებილი. მათ ბათუმის მერისგან ამჯერად დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

საუბარია ბათუმის ახალ ბულვარში ნაპირსამაგრ სამუშაოებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები 2 წლის დაგვიანებით დასრულდა, არასწორად შედგენილი პროექტის გამო, ნაპირსამაგრი ნაგებობა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, თუმცა ოპოზიციის თქმით, მერია მაინც აპირებს, პროექტი ჩაიბაროს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კორუფციაზე საუბრობენ და მერისგან განმარტებებს ითხოვენ:

“2017 წლიდან საქართველოს მუნიციპალურმა ფონდმა განახორციელა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც უნდა დამთავრებულიყო 2019 წელს, მაგრამ დროში გაიწელა და დასრულდა 2021 წელს. მისი ღირებულება გახლდათ 56 მილიონი ლარი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ დღეს თუ რა მდგომარეობაა ბათუმში. ნაპირსამაგრი ნაგებობა არის სრულიად მონგრეული და ნაპირსამაგრ ზოლზე სრულიად დაკარგულია პლაჟი. ვხვდებით, რისი ბრალია ეს – არასწორად შედგენილი პროექტი, შერჩეული კომპანია და ასე შემდეგ.

ჩვენი ინფორმაციით, დღეს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს, რომ ეს ნაპირსამაგრი ნაგებობა გადასცეს ბათუმის მერიას. ამიტომ, ჩვენ დღეს მოვედით აქ. ბათუმის მერი არ გვიშვებს კაბინეტში, ბარიკადები მოგვიწყო აქ და ვითხოვთ წერილობით განმარტებას – რას ფიქრობს თვითმარქვია მერი ამ კორუფციული გზით დახარჯულ 56 მილიონ ლარზე. არასწორად შესრულებული სამუშაოების ფონზე, დღეს ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაა ბათუმში. მდგომარეობა ბათუმელებისთვის არის საგანგაშო და საფრთხის შემცველი”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ბაჩი მექვაბიშვილმა.