NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

634

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, მისია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება.

მათივე ინფორმაციით, მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს, რომელიც საქართველოს ივლისში სტუმრობდა; ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში აგვისტოდან იმყოფებიან.

დელეგაციას ხელმძღვანელობენ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე კარლ ინდერფურტი, ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან მარგარეთ კურანი, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონის ყოფილი მერი რაინ მაკლინი, დემოკრატიის, მმართველობისა და კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა იანკოვიჩი, არჩევნებისა და საპარლამენტო განვითარების ექსპერტი ალექსანდა კურატკო-ფანი, ვირჯინიის შტატის კონგრესმენის – ჯერალდ კონოლის – კამპანიის მენეჯერი დონალდ ბრაუნლი, NDI-ის თურქეთის ოფისის დირექტორის მოადგილე ებრუ აგდუკი და NDI-ის გლობალური ექსპერტი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

„NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. NDI საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უჭერს მხარს“, – ნათქვამია ინფრმაციაში.

დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც ისინი ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდებიან, რათა შეაფასონ საარჩევნო გარემო.

არჩევნების დღეს NDI-ის დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან. NDI-ის სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 22 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.
„NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო ღონისძიებების მიზანია საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ასპექტის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება; ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი; იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერად წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია; და ისეთი რეკომენდაციების გაცემა, რომელიც მშვიდობიან და სანდო არჩევნებს და საარჩევნო პროცესში ხალხის ნდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. NDI ყველა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციისა და მისი თანმდევი საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის დაცვით აწარმოებს. ეს დოკუმენტები აღიარებულია 52 წამყვანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სადამკვირვებლო საქმიანობას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი