ოზურგეთში სპეციალური ავტოტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. როგორც ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, საინვესტიციო პროექტები პარტიის 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით მთავრობასთან ერთად, შემდეგი წლების განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოტექნიკის მწარმოებელი ქარხანა სოფელ მერიაში აშენდება. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სხვა სპეცდანიშნულების ავტომობილებს დააკომპლექტებს.
კომპანია „ბიელესი“ პროექტში 10 მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რაც საწყის ეტაპზე 70, საბოლოოდ კი 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია “ბიელესის“ დამფუძნებელი და პარტნიორები გაერთიანებულ სამეფოში სპეცავტოტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ბრიტანელი ბიზნესმენები არიან.
„ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ახალი საინვესტიციო პროექტები ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით ოზურგეთის მერია აქტიურად იმუშავებს შემდეგი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.