EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრები კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ქვე-სექტორებთან და ფოკუს-ჯგუფებთან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 15 დეკემბერს შეხვედრები რეკლამის და მაუწყებლობის (როგორც ბეჭდური, ასევე ონლაინ რეკლამა, ტელევიზია, რადიო, გაზეთები და ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები); კულტურული ტურიზმის (ტურისტული ორგანიზაციები, რომელთა მომსახურეობა მოიცავს კულტურაზე, მემკვიდრეობაზე ან კულინარიაზე ორიენტირებულ სერვისებს); არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების (ლანდშაფტის არქიტეტურის ჩათვლით); სახვითი ხელოვნების (ფერწერა, ქანდაკება, ხატვა, ფოტოგრაფია და სხვა ) წარმომადგენლებთან გაიმართა.
სამუშაო შეხვედრებზე ისაუბრეს კულტურის სექტორებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, გეგმებსა და მიზნებზე.
ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე პირველი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.