ტიკარაძე: იქნება ეს თალაკვაძე თუ სხვა ღირსეული კანდიდატი, ვურჩევ, იდგეს ექიმების გვერდით

322

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელს ურჩევს, რომ შეინარჩუნოს პრინციპულობა და ექიმების გვერდით იდგეს. მისი თქმით, ეს ყველას ეხება, იქნება ის არჩილ თალაკვაძე თუ სხვა.

“იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ იქნება ეს სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, მე ვურჩევ, რომ მან შეინარჩუნოს თანმიმდევრული ნაბიჯები, შეინარჩუნოს სიმშვიდე, შეინარჩუნოს პრინციპულობა და იდგეს ექიმების გვერდზე.

ბოლო მთავრობის სხდომაზე ჩვენი საკითხი არ გადიოდა, ჩვენ გვქონდა მზადების პროცესი, ეს იყო შეთანხმებული და დაესწრო ჩემი მოადგილე, რომელიც ასევე ხშირად ესწრება მთავრობის სხდომას”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკატერინე ტიკარაძის მისი ახლობლის კლინიკაში გადაყვანა სთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო, ამას კი დაპირისპირება მოჰყვა, მინისტრმა ასე უპასუხა:

“მადლობა რომ დამისთვის ეს კითხვა, მე არ მახსენდება მსგავსი ფაქტი, აქედან გამომდინარე ვერ დავადასტურებ. [დაპირისპირებაზე] არაერთი კომუნიკაცია გაკეთდა”, – თქვა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, ასევე, თქვა, რომ მზადაა მის შემცვლელს წარმატებაში დაეხმაროს და გაუზიაროს ის გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში მიიღო.