ჭიათურის ადგილობრივ თვითმმართველობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქალი, მოძალადე კაცი კი კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილეა. ინფორმაციას მთავრი არხი ავრცელებს.
ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა თანამშრომელს მას შემდეგ სცემა, რაც მეეზოვემ შეიტყო, რომ შეიძლებოდა, იანვრიდან სამსახურიდან გათავისუფლებულიყო. ქალი საკითხის გასარკვევად მერიის შენობაში მივიდა, თუმცა პასუხების ნაცვლად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიიღო.
“გაიღო კარები და შემოვიდა კაცი. ჩემთვის უცნობი. წამოვიდა პირდაპირ, შეგნებულად, სადაც ვიჯექი და მითხრა, აქ რატომ ზიხარ შენ, მე არ ვიცი შენი სამუშაოო, ძალიან უხეშად. დამავლო ხელი და გადიო. მე ვუთხარი, არაფერს ვაშავებ, რა გინდათ ჩემთან-მეთქი, ყველასთან კარგად ვარ, არავისთან მქონია დაპირისპირება, რაც გამგებელთან. მოხდა ის, რომ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მიჯიკა ხელი და გამომაგდო. დირექტორის მოადგილე ვარო, ასე მითხრა”, – ამბობს დაზარალებული მედეა მოდებაძე.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჭიათურის საკრებულოს წევრმა, სიმონ ჯაფარიძემ:
“ეს ადამიანები მზად არ არიან, რომ დაიკავონ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელმღვანელი თანამდებობები. მათ აქვთ ასეთი განცდა, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ყველაფრის უფლებას აძლევენ თავის თავს. დაუშვებელია, ვინც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ასაკიან ქალბატონს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს შენს ორგანიზაციაში და შენ ახალი მოსული ხარ, ასეთი ფაქტის წინაშე დააყენო და ასეთი შეურაცხყოფები მიაყენო”, – თქვა საკრებულოს წევრმა, სიმონ ჯაფარიძემ.
დაზარალებული მედეა მოდებაძე პოლიციის განყოფილებაში გუშინ იმყოფებოდა. მას გამოკითხვაზე სავარაუდოდ, დღესაც დაიბარებენ.