ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ეს კლინიკები რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობაში გადავლენ.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის ფარგლებში რეაბილიტირდა რესპუბლიკური საავადმყოფო და აღიჭურვა როგორც რუხის, ისე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
„ყველაზე აქტიური პროცესი რეაბილიტაციისა და აღჭურვის ნაწილში რესპუბლიკურ საავადმყოფოში განვითარდა. ონკოლოგიური საავადმყოფოს ბედი გადაწყვეტილია, თუმცა პროცესები მომავალ წელს დაიწყება, რაც შეეხება ბავშვთა ინფექციურს, აღჭურვის ნაწილში შევიდა ცვლილებები, რეაბილიტაციის ნაწილში – არა. ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავლენ. რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, ის საერთოდ არ ფუნქციონირებდა და ახლა სრულად მოქმედი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკაა. ანალოგიურად ბათუმის რესპუბლიკურის სახითაც, რომელიც ასევე არ ფუნქციონირებდა, მივიღეთ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის კლინიკა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო კლინიკების საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა.
„პანდემიის პერიოდში უკვე დაწყებული გეგმა ბევრად უფრო ფორსირებულად გაგრძელდა და ბოლო 2 წლის განმავლობაში 65%-ით გაიზარდა სახელმწიფო კლინიკების საწოლფონდი იმასთან შედარებით, რაც 2019 წელს იყო. დღეს ჰოლდინგში გაერთიანებულია თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; ბავშვთა ინფექციური; ონკოლოგიური საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზე სრულად გაჩერებულია და არ მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობის პროცესი, თუმცა ამ საავადმყოფოს რეაბილიტაცია იგეგმება; ასევე, ჰოლდინგში გაერთიანებულია რუხის საავადმყოფო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პანდემიის მართვის პროცესში; ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იდგა, დღეს კი ის სრულად ფუნქციონირებს; ჩხობაძის კლინიკა, რომელიც ასევე ამ ჰოლდინგშია. რეგიონული კუთხით ვაერთიანებთ 27 საავადმყოფოს, რომელიც უკვე შედის ჰოლდინგში და სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ. პირველადი ჯანდაცვა ასევე ჰოლდინგს ექვემდებარება და ონლაინკლინიკებიც, რითაც კოვიდპაციენტებს ვმართავთ სწორედ ჰოლდინგის ქვეშაა გაერთიანებული“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის მნიშვნელობას. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს წილი დიდი იყოს.
„მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს წილი დიდი იყოს, რათა მოხდეს როგორც ხარისხის, ისე ფასების რეგულირება. ეს შედეგად გვაძლევს იმას, რომ შეგვიძლია არსებული ბიუჯეტით, რაც ჯანდაცვისთვისაა გამოყოფილი, მეტი ადამიანი განვკურნოთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.