სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში სახელმწიფო პირობიანი აუქციონით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს 1 752 500 ლარად ყიდის. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
მენჯში სახელმწიფო ქონება პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება. აუქციონი დღეს, 14 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს დასრულდება.
პირობიანი აუქციონის მიხედვით, ინვესტორმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვეში, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 100 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის შექმნა და შესაბამისი შენობ(ებ)ის/ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული კი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით შესაძლოა არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის დემონტაჟს მოიცავდეს. ამასთან საპრივატიზებო ობიექტებზე რაიმე შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, საკითხი სს „საქართველოს რკინიგზასთან“ უნდა შეთანხმდეს.
საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.
ცნობისთვის, სახელმწიფომ კურორტ მენჯში არსებული ქონება აუქციონზე პირველად 2021 წლის ივნისს გამოიტანა, თუმცა აუქციონი ჩაიშალა. მენჯში ქონებას სახელმწიფო 2.6 მლნ ლარად გეგმავდა.
მეორედ მენჯში არსებულ სახელმწიფო ქონების გაყიდვის მცდელობა 2021 წლის აგვისტოში იყო, თუმცა ფასდაკლებით. ამ შემთხვევაში აუქციონზე კურორტ მენჯში არსებული ქონება 1.7 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი ვერ შედგა.
ბალნეოლოგიურ კურორტი მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი). კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება დაახლოებით XX ს-ის 20-30-იანი წლებიდან დაიწყო. 1938 წელს მენჯი რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაიწყო. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.