2022-2025 წლების განმავლობაში საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლები გაფართოვდება

576

2022-2025 წლების განმავლობაში საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლები გაფართოვდება. პარლამენტი ამ მიმართულებით, დაჩქარებული წესით, “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს.

პროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.

მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან ორი მიმართულებით მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან იხსნება საშეღავათო რეჟიმი როგორც სისტემური, ასევე სპორადული რეჟიმისთვის, ამან გარკვეული გამოწვევა წარმოშვა თუ როგორ შეიძლება აღნიშნული რეფორმა გაგრძელდეს.

“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გაზრდილი შესაძლებლობების ფონზე იწყებს მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს და 2022 წლის 1 იანვრიდან რეალურად იწყება ახალი ფაზა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმი შენარჩუნდება სისტემური რეგისტრაციისთვის, ხოლო სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდება“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.