შოთა არველაძე: ბათუმის მსგავსად, ქუთაისსაც ახალი სტადიონი სჭირდება

378

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ პლეი ოფის დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც ქუთაისელებმა ორი მატჩის ჯამში 3:2 (0:2 გასვლაზე, 3:0 შინ) მოიგეს და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ორივე გუნდს წარმატებები უსურვა და გამოთქვა აზრი, რომ ქუთაისს ახალი სტადიონი სჭირდება.

„ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს. დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები მარტვილის „მერანს“, ქუთაისის „ტორპედოს“ ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება“, – წერს შოთა არველაძე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოში მაყურებლის უჩვეულო დასწრებით აღინიშნა. ამაში მთავარი როლი ბათუმის „დინამომ“ ითამაშა, რომლის ბოლო შეხვედრასაც, სადაც გუნდი დააჯილდოვეს, მინიმუმ 15 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს ქუთაისელმა გულშემატკივრებმა  „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ პლეი ოფის განმეორებით მატჩში „რამაზ შენგელია არენაზე“. მინიმალური გათვლებით, სტადიონზე მატჩს 10-11 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს. შოთა არველაძე სწორედ ამ ფაქტს გულისხმობდა.