შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ განიხილავს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს დაჩქარებული წესით

338

წინა სტატია

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ განიხილავს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს დაჩქარებული წესით.

როგორც პაპუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციონერი დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პრეზიდენტმა აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსი არაუგვიანეს 3 იანვარს უნდა გამოაცხადოს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები მანამდე მიიღონ.

„ვინაიდან 2-3 თებერვალს გასდის ვადა თავმჯდომარეს და ორ წევრს, პრეზიდენტმა არაუგვიანეს 3 იანვრისა უნდა გამოაცხადოს კონკურსი ამ ვაკანსიების დასაკავებლად. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეს პროცედურა ახალი წესით იყოს, მნიშვნელოვანია, რომ 3 იანვრამდე მივიღოთ ეს ცვლილებები. ამასთან, მიმდინარე კვირაში სესია მთავრდება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება დაუშვილის შეკითხვას, ის დაინტერესდა, რატომ განიხილავენ ცვლილებებს დაჩქარებული წესით და კონსულტაციებს უფრო მეტ დროს არ უთმობენ.

„რატომ ვაკეთებთ დაჩქარებული წესით? ასეთი დაჩქარებული ფორმით რომ ვიღებთ, ხომ შეგვეძლო უფრო მეტი დრო დაგვეთმო?“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესის ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილება შევა, რომელიც უკვე მომზადებულია. პროექტით, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი.