თელავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა განაცხადა, საახალწლოდ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“საახალწლოდ როგორც ქალაქ თელავში, ასევე სოფლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. გვინდა არსებული რესურსით გავალამაზოთ და განსხვავებულად შევხვდეთ ახალ წელს თელავში.
ამჟამად ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, ასევე სოფლებში იგეგმება კონკრეტული ადგილების მორთვა, დეკემბერი იქნება დატვირთული კონცერტების სიმრავლით და ახალ წელს გრანდიოზული ღონისძიებებით და ფეირევერკით შევხვდებით”- განაცხადა ანდრიაშვილმა.
მერის განცხადებით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განახლებული განათებებით იქნება მორთული.
“ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი 24-25 დეკემბერს უკვე დასრულებული იქნება. ასევე დავიტოვებ რამოდენიმე სიურპრიზს, რომელსაც საახალწლოდ ვგეგმავ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის ხარჯები, რადგან კვლავ დაგეგმვის პროცესშია საახალწლო სამზადისი. აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ყველა ღონისძიება ჩატარდება კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით.”-განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.