ხარაგაულის სოფელ დიდვაკეში კორპუსის აივნების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს – მოსახლეობას ხელისუფლებისგან უყურადღებოდ დარჩენის ეშინია

832

ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით დიდვაკეში მრავალბიანი კორპუსის აივნების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ხის აივნების მოხსნის შემდეგ შენობის კედლიდან წვიმის დროს ჩამოსულმა წყალმა თითქმის ყველა მობინადრე დააზარალა. თუმცა, ზოგი მათგანი ამბობს, რომ ზარალი გაკეთებულთან შედარებით უმნიშვნელოა. ინფორმაციას “ჩემი ხარაგაული” ავრცელებს.

დიდვაკელები შიშობენ, რომ რამდენიმე მობინადრესგან გავრცელებული, წვიმისგან დაზიანებული ბინის კადრების გავრცელების გამო, ხელისუფლებისგან ბინის სრულ რეაბილიტაციას ვეღარ მოითხოვენ.

დიდვაკეში სამსართულიანი ბინის აივნებს სამშენებლო კომპანია „TU-KA“ აკეთებს.

კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ გელაშვილი ამბობს, რომ ხის აივნის დემონტაჟი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

“ხის დაზიანებული აივნების მოხსნის შემდეგ დროებითი ღონისძიება გავატარეთ, მაგრამ წვიმის დროს წყალი ბინებში მაინც ჩავიდა. კომპანია თავის პასუხისმგებლობას გრძნობს და რითაც გვექნება საშუალება, ხარვეზებს გამოვასწორებთ. ამ ადამიანებს უყურადღებოდ არ დავტოვეთ. მარტო ის ხომ არ არის, რომ ერთი საქმე გაკეთდეს და მეორე გაფუჭდეს.

20 დეკემბრისთვის აივნების მშენებლობა დასრულდება და ამის შემდეგ ყველანაირად ვეცდებით, მოსახლეობას გვერდით დავუდგეთ – მასალების შეძენა იქნება ეს თუ ხელობაში მიხმარება“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას მობინადრეებისთვის ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი ხელისუფლებაც მოსთხოვს.