წულუკიანი: მძლეოსნობას სპორტის სამინისტროსგან მეტი ყურადღება ექნება

347

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზოგიერთი ქართველი მძლეოსნის ასპარეზობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, კარგია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ხუთმა ქართველმა მძლეოსანმა მოიპოვა, თუმცა მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია და მომავალში ამ კომპონენტს, მათ შორის, საკანონმდებლო ხარვეზების ამ მიზნით გამოსწორებას მეტი ყურადღება დაეთმობა.

მოგეხსენებათ, ტოკიოში წარმოდგენილი ხუთი სპორტსმენიდან ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. დანარჩენი ოთხი სპორტსმენიდან ხელშესახები შედეგი ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ აჩვენა. სხვა მძლეოსნების ასპარეზობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ფედერაციებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური გამჭვირვალობა და ხარისხი. მძლეოსნობის ინფრასტრუქტურის განვითარებას კი დიდი ყურადღება დაეთმობა.