მიწის რეგისტრაციის მიზნით ახალი რეფორმის დაწყება იგეგმება

500

საქართველოს მთავრობამ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებით ახალი ცვლილებები მოამზადა. საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

ცვლილებების გათვალისწინებით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენას, სისტემური რეგისტრაციის ფარგლების ნაცვლად, სააგენტო „სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში“ უზრუნველყოფს.

მთავრობა კანონპროექტში აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით (თვითმმართველი ქალაქების გარდა) დაგეგმილია სისტემური რეგისტრაციის დაწყება. მათი ცნობით, სისტემური რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება.

„ამდენად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურებას – საველე, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს, მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენას, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, უფლებების რეგისტრაციას სააგენტო განახორციელებს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში დასაშვები იქნება სპორადული წესით განცხადებების წარდგენაც. მოქალაქეებმა შესაძლებელია, სპორადული წესით მოითხოვონ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაც. ვინაიდან, უკვე დადგენილი იქნება სისტემური რეგისტრაციის არეალები და პარალელურად წარიმართება სისტემური რეგისტრაცია, სპორადული წესით სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნა აღარ გაიგზავნება მუნიციპალიტეტებში არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში – მოთხოვნას და კომისიების ნაცვლად, საკუთრების უფლებას აღიარებს სააგენტო განიხილავს. იგივე რეგულაცია გავრცელდება მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზეც. ამდენად, ცვლილების შინაარსი ემსახურება იმ მიზანს, რომ სააგენტომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა შეძლოს როგორც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ისე – სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილ განცხადებებზე“, – განმარტავს მთავრობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით შეჩერდება მუნიციპალიტეტის გარკვეული უფლებამოსილებები – მიწის ნაკვეთის იდენტურობის/ფლობის ფაქტის დადგენა; საკარმიდამო ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემა; კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურება; საგადასახადო სიაში მითითებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა.

ამასთან, კანონპროექტის გათვალისწინებით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები – დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ შესრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება 2025 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის პირველ იანვრისა.

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების მიზნით რეფორმა 2016 წელს დაიწყო. რამდენიმე სახის რეფორმა გატარდა, რომლის შედეგად, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისი შედეგით დასრულებულია – 1 100 000-ზე მეტი სარეგისტრაციო წარმოება.