ელენე ხოშტარია: ჩვენ გამოვაცლით ფულს ბიუროკრატიას

1180

ვამაყობ, რომ ვარ პარტიაში, რომელიც იყო ქვეყნის განმავითარებელი, – ამის შესახებ თბილისის მერობის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გუშინ, ახალ სპორტის სასახლეში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ნდობისთვის და ასევე იმ ოჯახებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მასპინძლობდნენ.

„მოგვიახლოვდა არჩევნები და მინდა გვესმოდეს და ეს არ არის ჩემი დღე, ეს არის ხალხის დღე – თქვენ ქმნით ხალხის მომავალს მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ შევცვლით არა იმიტომ, რომ რომელიმე ჩემი მეგობარი დავასაქმო, იმიტომ, რომ ეს ადამიანები შიმშილობენ და ამის მაგივრად ჩინოვნიკები პრემია-დანამატებს იღებენ. მინდა მივმართო ადამიანებს, რომლების ნდობა ჯერ კიდევ ვერ მოვიპოვეთ – არასდროს დავიზარებ ყველა არსებულ კითხვას გავცე პასუხი. არასდროს შემრცხვება, რომ ჩემს ხალხს ჩავხედო თვალებში. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ პენსიონერი არ ფიქრობდეს, როგორ იყიდოს წამალი. მე ეს ყველაფერი ვნახე და ზუსტად ვიცი, აღარ უნდა იყოს ასე, ამიტომ პირველივე 100 დღეში პენსია მოიმატებს 50 ლარით. ჩვენ გამოვაცლით ფულს ბიუროკრატიას და მივცემთ ყველა სოციალურად დაუცველს 70 ლარს. 4 წელიწადში ჩვენ შევქმნით 35000 ახალ სამუშაო ადგილს, რათა თქვენ ღირსეულად დასაქმდეთ. არ შეიძლება, რომ ადამიანები ასეთ პირობებში ცხოვრობდნენ. აღარ იქნება თბილისი ავარიული სახლების ქალაქი. თბილისი იქნება რეაბილიტირებული და ევროპული ქალაქი. მთავარი გარანტი არის ის, რომ თქვენ არ მომცეთ საშუალება, დავუშვა შეცდომები, ყოველთვის გამართული შემოგხედოთ და ერთად შევძლებთ ჩვენი ქალაქი განვავითაროთ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი