მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დემოკრატიული მმართველობის თემაზე სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

355

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის დემოკრატიული მმართველობის თემაზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინასთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და იუსტიციის სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროს და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დემოკრატიული მმართველობის შემდგომი განვითარების აუცილებლობას. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში გაწეული სამუშაოები და მიღწევები მიმოიხილეს და ვრცლად ისაუბრეს სექტორულ პრიორიტეტებსა და მათი მიღწევის გზაზე არსებულ საჭიროებებზე.

საუბარი შეეხო ღია მმართველობის რეფორმას, საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებებს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო სამსახურის რეფორმის შემდგომი განხორციელების ხელშეწყობის გზებზე, საჯარო სერვისების მიწოდების სტანდარტიზაციის მნიშვნელობაზე, ელექტრონული მმართველობის სფეროში არსებულ საჭიროებებზე, ანტიკორუფციული პოლიტიკის განახლების მნიშვნელობაზე, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომისა და მედიათავისუფლების, ასევე საჯარო ფინანსების მართვისა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე.

განვითარების პარტნიორებმა თავიანთი ხედვა წარადგინეს განხილული საკითხების შესახებ და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატეს. თემატური საკოორდინაციო ჯგუფების (სოციალური კეთილდღეობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკონომიკური ზრდა, ადამიანური რესურსების განვითარება, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენაესობა და სამართალი) შეხვედრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს ორგანიზებით, წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს განვითარების პარტნიორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე სტრატეგიული დიალოგის წარმოებას.