დენის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია წელს ბიუჯეტს 54 მლნ ლარი დაუჯდა

482

2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდა. “თელმიკოს” და “ენერგო პროს” ქსელებში მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

მაშინდელი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტარიფების მატება მოსახლეობის ჯიბეზე რომ არ გადასულიყო, სახელმწიფომ სუბსიდირების ახალი პროექტი დაიწყო, რომლითაც ახალ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დააფინანსა. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. ეს ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ 10.5 ლარი იყო. “თელასის” ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში დენის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, “ენერგო პროს” 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის.

ანუ თქვენი ოჯახიც თქვენდა გაუცნობიერებლად, შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში ამ სუბსიდიას იღებდა. სემეკის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ამ სუბსიდიაზე 54.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათ შორის სამომხმარებლო აბონენტების მიერ მიღებული თანხა 46.2 მილიონი ლარი, კომერციული აბონენტების მიერ მიღებული თანხა კი 8 მილიონი ლარი იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზრდილი კომერციული ტარიფის ნაზრდის 50%-ის ოდენობის სუბსიდიას იღებენ საკვების მწარმოებელი კომპანიები, რომლებმაც მთავრობას შესაბამისი განაცხადით მიმართეს. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ასეთია 331 საწარმო.

მომხმარებლებს ამ სუბსიდიაზე უარის თქმა “სემეკის” ვებგვერდზე არსებული ფორმის შევსებით შეუძლიათ. ოქტომბერში თელმიკოს ქსელში სუბსიდიაზე უარი სულ 18 საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ჰქონდა ნათქვამი. “ეპ ჯორჯიას” მიწოდების ქსელში კი სულ 4 აბონენტს. შესაძლოა უარის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მეტყველებდეს იმაზეც, რომ მომხმარებლებმა უბრალოდ არ იციან, რომ ბიუჯეტი ტარიფების სუბსიდირებას ახდენს.

ტარიფების ნაზრდის სუბსიდირება, შესაძლოა, მომდევნო წელსაც გაგრძელდეს.