ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე მადათაფას ტბის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო, დაჭაობებულია ნაპირები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომხდარს გლობალურ დათბობას უკავშირებს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგი მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტბას დაშრობის საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა, შესაძლოა გლობალური კლიმატის ცვლილებების ფონზე სამომავლოდ ეს საკითხი კვლევის საგანი გახდეს.
„მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დღეისათვის კლიმატური ცვლილებები, კერძოდ კი გლობალური დათბობა წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მადათაფის ტბის წყლის დონე განსაკუთრებით შემოდგომის პერიოდში იკლებს, რის გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორსაც, ჩვენი დაკვირვებით, შესაძლოა ნალექების სიმცირე წარმოადგენდეს, განსაკუთრებით კი თოვლის. აღსანიშნავია, რომ მადათაფის ტბა წყლის ძირითად რესურს თოვლის დნობის შედეგად იღებს, იგი, ასევე მიწისქვეშა წყლებით იკვებება. იმისთვის, რომ გრუნტის წყლები შეიქმნას მნიშვნელოვანია თოვლის საფარი არსებობდეს, რომელიც ბოლო დროს შემცირებულია. დაცული ტერიტორიების სააგენტო ახდენს მონიტორინგს არსებულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სხვა ფაქტორები ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის. ტბის დაშრობას საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა, შესაძლოა გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე სამომავლოდ ეს საკითხი კვლევის საგანი გახდეს“, – ამბობენ სამინისტროში.
რაც შეეხება სათავე-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი დამბის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ვერ მოიძებნა შესაბამისი კომპანია, რომელმიც ამ სამუშაოებს შეასრულებდა.
„მადათაფის ტბასთან სათავე ნაგებობის მშენებლობა არ დაწყებულა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 1980 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ტბიდან გამოიყვანა 2 ხელოვნური არხი, რომელსაც სარწყავად იყენებდნენ. წყლის დონის კლებასთან ერთად აღნიშნულმა არხებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ტბაზე. არსებული ძველი ჩამკეტი კონსტრუქცია გამოვიდა მწყობრიდან. ნალექების რაოდენობის შემცირებიდან გამომდინარე, საჭიროა წყლი დონის თანაბრად შეკავება, როგორც წყალუხვობის დროს, ისე უნალექობის დროს. 2016-2018 წლებში მეცნიერების მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ წყლის დონის ამაღლება ხელოვნურად მომხდარიყო. დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი ახალი დამბის მშენებლობაზე. აღსანიშნავია, რომ მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამშენებლო სამუშაოები სფეციფიკურია და ასევე მშენებლობისათვის განკუთვნილი ვადები შეზღუდულია, შესაბამისად ვერ მოიძებნა შესაბამისი კომპანია. ამ ეტაპზე, სააგენტოს მხრიდან შემუშავებულია საჭირო ტექნიკური დავალება, რის მიხედვითაც უმოკლეს დროში ხელახლა გამოცხადდება ტენდერი“,- განაცხადეს სამინისტროში.
ტბაში გამოჩენილ კუნძულთან დაკავშირებით, სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საკითხი მეცნიერული კვლევის საგანია:
“მადათაფის ტბაში მრავლადაა წყალმცენარეები, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მათი მჭიდრო და დიდი რაოდენობის ერთობლიობა შორიდან ქმნის კუნძულის მსგავს იერს. თუმცა, ეს საკითხი მეცნიერული კვლევის საგანია და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა არ იქნება ჩვენი მხრიდან მიზანშეწონილი და კომპეტენტური“.
მადათაფას ტბა ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე, ლავის ნაკადით წარმოქმნილ ქვაბულში, ჯავახეთის ქედის ვულკანურ ნაწილში მდებარეობს. ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შედის. მადათაფას ტბაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უამრავი გადამფრენი ფრინველი იყრის თავს, რის გამოც განსაკუთრებული სანახაობა გაზაფხულსა და შემოდგომაზეა. ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.