“ნაცმოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრი, ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

353

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრი მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე საბავშვო ბაღის მოსაწესრიგებლად 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და საბავშვო ბაღი კი ერთი თვეა დაკეტილია. მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, ობიექტის ჩაბარება კორუფციული გზით მოხდა.

“თავიდანვე ეს პროექტი ხარვეზიანი იყო. ჩვენ ამას ვეუბნებოდით მაშინდელ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ბაღი დღემდე არ არის გაზიფიცირებული, იყო წყლის პრობლემები.

2016 წელს ჩაბარდა ახალსოფლის ბაღი. თუმცა ხუთი წელი არ გასულა და უკვე დაიკეტა, იმიტომ, რომ კორუფციული გზით მოხდა აღნიშნული ობიექტის მიღება-ჩაბარება და საშიშია აქ ბავშვების მოყვანა. ამიტომ უკვე ერთი თვეა დაკეტილია.

მინდა მივმართო ახალარჩეულ მერს ზაზა დიასამიძეს, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძეს, თქვენ თუ გინდოდათ ეს თანამდებობა, ახლა სრული პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ამიტომ დროულად მოახერხეთ ის, რომ ან ალტერნატიული ფართი გამოძებნოთ, ან შესაბამისად მოახდინეთ ამ დაზიანებების აღდგენა.

ამ ტერიტორიაზე ერთი ბაღია და ეს ბაღიც დაკეტილია. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას. ჩვენ როგორც დღეს, ასევე მომავალში მოგთხოვთ პასუხს”- განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.