ბოლნისის მუზეუმი ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული

433

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ „ევროპის წლის მუზეუმი – 2022“ კონკურსის ფინალურ ნომინანტად დასახელდა, – ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

ეროვნული მუზეუმის ცნობით, ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმების მასშტაბით. ჯილდო ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ.

ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.

„ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს და მიზნად ისახავს თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროება, როგორც ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას. ამ მნიშვნელოვან ნომინაციაზე საქართველო – საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი – 2016 წელს პირველად წარადგინეს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კულტურული დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის გზაზე. 2016 წელს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ფორუმის მიერ დასახელებული იყო ნომინაციაში: „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“. 2022 წლის საუკეთესო მუზეუმები EMYA-ს მიერ გამოვლინდება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ტარტუში, ესტონეთი 2022 წლის 4-დან 7 მაისს.

ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს – აქ არის მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის თანაარსებობა ერთ სივრცეში. პანდემიის მიუხედავად, ევროპაში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2021 წელს ორი ახალი მუზეუმი წარუდგინა დამთვალიერებელს – აშენდა ახალი მუზეუმი ბოლნისში და სრულად განახლდა არქეოლოგიური მუზეუმი ვანში“, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.