დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, 1000-ზე მეტი ოჯახის განაცხადი განიხილება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კომისია მუშაობას თვის ბოლომდე დაასრულებს და დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
„დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, სოფლად სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ, რამაც პროექტი კიდევ უფრო წარმატებული გახადა“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.