სპეციალურ მასწავლებლებს კომპტენეციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარების ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გაეზარდათ

359

სპეციალური მასწავლებლებისთვის, ვინც სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, გამოცდის ჩაბარების ვადა იზრდება – ისინი ვალდებული იქნებიან კომპეტენციის დადასტურების მიზნით, გამოცდა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ჩააბარონ, ნაცვლად 2022 წლის 1-ელი იანვრისა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განართლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. როგორც უწყება განმარტავს, სპეციალური მასწავლებლისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩატარება 2020 წელს იგეგმებოდა, მაგრამ აღნიშნული პროცესი COVID 19-ით გამოწვეულმა საყოველთაო პანდემიამ შეაფერხა. ამასთან, სამინისტროს ცნობით, გამოცდა პირველად 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა, რომლის შედეგად კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა 1302-მა კანდიდატმა, აქედან 1010 მოქმედი სპეციალური მასწავლებელია.

„ამ გარემოებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, სპეციალურ მასწავლებლებს მხოლოდ ერთხელ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გამოცდის ჩაბარება რამდენჯერმე ეცადათ. დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა ჩაბარებული არა აქვთ და 2022 წლის 1 იანვრამდე კვალიფიკაციის დადასტურებას ვერ შეძლებენ. იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდების პროცესი არ შეფერხდეს, ასევე, აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები, რომ აღმოჩნდნენ სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან თანაბარ პირობებში, რომლებსაც 2015 წლიდან ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი კვალიფიკაცია დაედასტურებინათ და სტატუსი აემაღლებინათ, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რაც გულისხმობს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის გამოცდის ჩაბარებისათვის ვადის განსაზღვრას – 2025 წლის 1 იანვრამდე“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.