რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებს 2022 წლიდან ანაზღაურება 300 ლარით გაეზრდებათ. მომატებულ ხელფასს აიღებენ ტრანსპორტის სხვა თანამშრომლებიც. მომავალი წლიდან ყველა ავტობუსში ინტერნეტი ჩაირთვება.
მიღებული გადაწყვეტილება მათ პირადად რუსთავის მერმა გააცნო.
„ახალი წლიდან, რუსთავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სიახლეები გვექნება. დამონტაჟდება WiFi-ს ახალი სისტემა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მოეწყობა ახალი გაჩერებები და, რაც ყველაზე მთავარია, მძღოლებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია სატრანსპორტო კომპანიაში, ხელფასები მოემატებათ“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რუსთავს 40 ახალი, ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსი ემსახურება.