ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები, “პუფები” და მონუმენტები დადგეს

1115

ბათუმის ცენტრალურ პარკში რამდენიმე დღის წინ ჯერ შავი, ქვისგან ჩამოსხმული საპიკნიკე მაგიდები და ქვის თეთრი პუფები გამოჩნდა, მოგვიანებით ქვის სკულპტურები, მათ შორის ”ბიჭი წიგნით”.  ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ცენტრალურ პარკში ქვის სკამების გამოჩენას მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა და ბათუმის მერიის იდეა არ მოეწონათ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისა განაცხადეს, რომ პარკში ისევ ძველი ხის სკამები ურჩევნიათ, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულია.

”ქვის სკამების დადგმას აზრი არ ჰქონდა, რადგან ზამთარში ცივია და ზაფხულში ცხელი, შესაბამისად ვერ გამოიყენებ…  ხარჯი საჭირო არ იყო და ჩემთვის მისაღები არ არის. რამდენიმე ადგილას ისევ ძველი სკამები დგას, ის მოვძებნეთ და დავჯექით” – ამბობს მოქალაქე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პარკში, სხავდასხვა ადგილას ხუთი ცალი ”პუფი” დაიდგმება.

რაც შეეხება თანხებს, ახალი დიზაინის სკამებისა და დეკორაციებისთვის ბათუმის მერიამ 997 600 ლარი გამოყო. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

კეთილმოწყობის სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში ცენტრალურ პარკში ასევე განთავსდა მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინვენტარი. სამუშაოები კი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.