მთავრობას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები 2023 წლის 1 იანვრამდე უხანგრძლივდება

378

საქართველოს მთავრობას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები კიდევ ერთხელ, ამჯერად 2023 წლის 1 იანვრამდე უხანგრძლივდება.

ამ მიმართულებით მთავრობის უფლებამოსილებების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ინიცირებისთვის მზად არის პროექტი, რომელიც ვადის ერთი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს.

როგორც უმრავლესობის დეპუტატები განმარტავენ, ვადის გაგრძელების მიზანია, ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი შენარჩუნდეს, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება და მთავრობას კონკრეტულ უფლებებს აძლევს. ამასთან, პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა და კრიზისის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა COVID 19-თან ასოცირებული უარყოფითი შედეგები შეარბილა, რამაც შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება შესაძლებელი გახადა.

“COVID 19-ის მასობრივი გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა. ამასთანავე, გამოიცა პრეზიდენტის დეკრეტი, ხოლო მის საფუძველზე – შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებითაც ეტაპობრივად აუცილებელი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა; სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა; განისაზღვრა სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაადგილების სპეციალური წესები; საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე; აიკრძალა გარკვეულ დროს პირთა გადაადგილება; კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა; შეიზღუდა საჯაროდ შეკრება, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და ა.შ.

ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ გამოკვეთა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გარკვეული შეზღუდვების გაგრძელების აუცილებლობა“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.