საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების ნაწილს საკუთრებაში ფართები გადაეცემათ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, 130-მდე დევნილ ოჯახს საერთო საკუთრებაში არსებული ქონება 1 ლარად დაუკანონდება, მათ შორის, სარდაფები და სხვენები.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში. მორიგი ქონების გადაცემა განვახორციელეთ სიმბოლურ ფასში. 5 ბინათმშენებლობის კოოპერატივს, რომელიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, სადაც არის 130-მდე ოჯახი, 300-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ქობულეთსა და თბილისში მიიღებს 1 ლარად საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. ეს არის სხვენები, სარდაფები, სხვადასხვა ფართი, რომელსაც ისინი საჭიროებენ ნორმალური ცხოვრების პირობებისთვის. ჩვენ პერიოდულად ვიღებთ მსგავს გადაწყვეტილებებს, როდესაც ერთ ლარად, სიმბოლურ ფასში ვუკანონებთ ქონებას, მათ შორის დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებიც წლებია ამა თუ იმ მისამართზე ცხოვრობენ, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები. ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა თურნავამ.