ბათუმის საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააგრძელა დესტრუქციული ქმედება მას შემდეგ, რაც საკუთარი უფლებამოსილების ლეგიტიმაცია მოახდინა

342

ბათუმის საკრებულოს წევრის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დესტრუქციული ქმედება მას შემდეგ გააგრძელა, რაც საკუთარი უფლებამოსილების ლეგიტიმაცია მოახდინა. მისივე შეფასებით, ეს იყო მათი მიზანი, რადგან ჩაგდების შემთხვევაში ჩვეულებრივად გააგრძელებდა ფუნქციონირებას ძველი მოწვევის საკრებულო და ცხადია, ისინი ამას არ დაუშვებდნენ.

„როგორც კი დასრულდა ეს პროცესი, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ საკრებულოს პირველი სხდომა და თქვეს, რომ ჩვენ აღარ დავესწრებით არც ერთ სხდომას, რითაც არაქმედითუნარიანი იქნება ახლა მოქმედი საკრებულო. მე მინდა განგიმარტოთ ორი რამ: იმ შემთხვევაში, თუ დაესწრება დანარჩენი ორი დეპუტატი, რომელიც დღეს არ იღებდა მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილებების მიღება. ანალოგიურად, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაიფიქრებს და კვლავ არ შემოვა. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს, როცა პარლამენტში ჯერ არ შედიოდნენ, მერე ისევ შევიდნენ. ბათუმის საკრებულოშიც გვახსოვს, რომ არაერთხელ მიატოვეს სხდომები. ვიტოვებ სასწაულის იმედს, რომ მოეგებიან გონს და დაიწყებენ კონსტრუქციულ მუშაობას ქალაქის განვითარებისთვის. კონსტრუქციული ოპოზიცია ნიშნავს იმას, რომ უნდა დაესწრო საკრებულოს სხდომებს, იზრუნო ქალაქის განვითარებაზე, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამისთვის აგირჩია შენ მოსახლეობამ და მანდატი მოგცა. ხოლო, მანდატი გამოიყენო, მიიღო ლეგიტიმაცია და შემდეგ თქვა, რომ მე აღარ ვიღებ მონაწილეობას, ნიშნავს ღალატს იმ მოსახლეობის, რომელმაც შენ დაგიჭირა მხარი,“ – აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.