ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ტყებუჩავა აირჩიეს

426

ფოთის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნების“ წევრი ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ხოლო ,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ალექსანდრე ტყებუჩავამ “ქართული ოცნების” წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. “ვიდგები ფოთისა და ფოთელების ინტერესების სადარაჯოზე. ასევე, ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ფოთის უკეთესი სოციალური და ინფრასტრუქტურული გარემოს ჩამოყალიბებაში”, – განაცხადა ალექსანდრე ტყებუჩავამ.

ამასთან, ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ სხდომის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციამ სცადა გარდაცვლილი ადამიანით პოლიტიკური მანიპულირება. მისივე თქმით, მათ ამ ფორმით უნდოდათ სხდომის ჩაშლა, რაც არ გამოუვიდათ.

„ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობიდან” არახალი არის გარდაცვლილი ადამიანით პოლიტიკური მანიპულირება და კეკლუცობა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ისინი იქნებოდნენ კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები, მაგრამ როგორც ყოველთვის, მათ სცადეს შემოეტანათ დესტაბილიზაცია, სხდომის ჩაშლა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ფორმულირება იყო არასწორი, “ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობამ თქვა, რომ ეს ადამიანი(ნუგზარ ფუტკარაძე) მოვკალით ჩვენ. იყო კონკრეტული ბრალდებები, რომელსაც სჭირდება მტკიცებულება შესაბამისი სამსახურებიდან, რომ თითქოს თანხა შესთავაზეს ადამიანს ჩვენი გუნდიდან და ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა, რასაც რა თქმა უნდა არ ვადასტურებ, აბსოლუტური სისულელეა”, – აღნიშნა ალექსანდრე ტყებუჩავამ.

შეგახსენებთ, ახალი საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომაზე ბანერი “თავისუფლება მიშას” და გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს. მათ წუთიერი დუმილით პატივის მიგებისაკენ მოუწოდეს კოლეგებს, თუმცა მათ ეს მოწოდება არ გაიზიარეს, ფეხზე არ წამოდგნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და “ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.