დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ისინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ დახურული სპორტული დარბაზის აშენებას აპორტესტებდნენ. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
ადგილობრივები ითხოვენ, რომ ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიაზე სტადიონის ნაცვლად, სკვერი მოეწყოს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპირებდა.
“ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, სტადიონს გამოეყოს ალტერნატიული ფართი, მოხდეს ადგილმონაცვლეობა და ეს ტერიტორია, თუ თბილისის მერია თვითონ ვერ მოაწყობს სკვერს, გადმოეცეს მოსახლეობა და ჩვენ გავამწვანებთ, დავრგავთ ხეებს და მოვუვლით ამ ადგილს”, – ამბობს ადგილობრივი.
დაპირისპირების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფს მოლაპარაკება შესთავაზეს. შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დათმობას არ აპირებენ და ამ ადგილას სპორტული დარბაზის აშენების უფლებას არ მისცემენ.