ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურიამ აქცია-მსვლელობა „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ დაანონსა. როგორც ლელა ქებურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია ზუგდიდში 17 ოქტომბერს გაიმართება.
მისივე თქმით, პარტია მოსახლეობასთან ერთად მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებს და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღრიცხვასა და მინიმალური კომპენსაციის გაცემას მოითხოვს.
ქებურიამ პარტიის ზუგდიდის ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ კომპენსაციის მოთხოვნით 4100 ხელმოწერა მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა.
„ჩვენ აზიური ფაროსანასაგან დაზარალებული მოსახლოებისთვის კომპენსაციის მოთხოვნით დიდი ხანია ვიბრძვით საკანონმდებლო ორგანოში. ბიუჯეტის განხილვისას ცხადი გახდა, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს ზარალზე, რაც რეალურად მიადგა მოსახლეობას, რაც ცალსახად მიანიშნებს ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობასა და უმოქმედობაზე“, – განაცხადა ქებურიამ.
აქცია ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლასთან დაიწყება და ქალაქის მერიასთან დასრულდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი