ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ხახულიათის დასახლებაში მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საუბარია დაახლოებით კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, რომელიც დასახლებას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. მოქალაქეების ცნობით, გზის მხოლოდ 100 მეტრიანი მონაკვეთი დაიფარა რკინა-ბეტონის საფარით, დანარჩენი ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში დატოვეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
დასახლებაში მცხოვრებ ნატა სიჭინავას თქმით, განსაკუთრებით რთულია ამ მონაკვეთის გავლა წვიმიან ამინდში, რადგან სანიაღვრე არხების არარსებობის გამო, წყალი სავალ ნაწილზე გროვდება. მისივე განმარტებით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც სოფელში გაზის გაყვანის სამუშაოების ფარგლებში ეს მონაკვეთი გაითხარა.
“საშინელი მდგომარეობაა. ადამიანი ჩვეულებრივ ვერ გაივლის, ისეთი ტალახია. ჩექმებით გვიწევს სიარული. ბავშვები ნორმალურად სკოლაში ვერ დადიან, ბაღში ვერ დადიან… სახლში არ შეისვლება ჭიშკართან ისეთი მდგომარეობაა.. წყლის გასავალი არ აქვს გზას და გზაზე მიდის მდინარესავით”, – გვითხრა ნატა სიჭინავამ.
მისი ინფორმაციით, დასახლებამ, სადაც 30 ოჯახი ცხოვრობს, წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა მერიას გზის შეკეთების თხოვნით, თუმცა დაპირების მიუხედავად პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა.
ამის შემდეგ მოსახლეობა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაუკავშირდა. არასამთავრობო ორგანიზაციასთან მოქმედი სამოქალაქო საბჭოს წევრები ადგილზე შეხვდნენ სოფლის მკვიდრთ და გაეცნენ დასახლებაში არსებულ ვითარებას.
“მივმართეთ განცხადებით, ერთის მხრივ ჩხოროწყუს მერიას, მეორეს მხრივ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ვთხოვეთ მათ, რომ მოიძიონ თანხები ხახულიათის დასახლების პრობლემის გადასაჭრელად”, – განაცხადა ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი “ლაივპრესთან” საუბარში ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების შეკეთების თანხები 2022 წლის ბიუჯეტშიც არ არის და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცენტრალური გზების შეკეთება ხერხდება.
როგორც ის განმარტავს, გაზიფიკაციის სამუშაოების შემდეგ, არა მარტო ხახულიათის უბანში, თითქმის ყველგან, სადაც გრუნტოვანი გზა იყო, ანალოგიური პრობლემა შეიქმნა.
მერის მოადგილის მტკიცებით, კომპანიას, რომელიც გაზიფიკაციის სამუშაოებს ატარებს, აქვს ვალდებულება, მოხრეშოს გზის სავალი ნაწილი, რისი შესრულებაც დამოკიდებულია ამინდზე. კარგი ამინდის პირობებში, როგორც ის ირწმუნება, კომპანია ეცდება ვალდებულება ახალ წლამდე შეასრულოს.
“ამ ეტაპზე საუბარია მარტო მოხრეშვაზე და იმაზე, რომ მოწესრიგდეს იქაურობა. რაც შეეხება ასფალტირებას, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გზები გაკეთდეს უბნების დონეზე. ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ ცენტრალურ გზებს, ისიც რეგიონული განვითარების ფონდი გამოყოფს ამ თანხას. ადგილობრივ ბიუჯეტს ჯერ-ჯერობით ამის შესაძლებლობა არ აქვს”, – განაცხადა მერის მოადგილემ.