გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდა

501

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ექვსი დეკემბრიდან სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება. ამის შესახებ სპექტრი წერს.

როგორც სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შორენა ფროდიაშვილმა აღნიშნა, მიზეზი მძიმე ეპიდვითარებაა.

„მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ ბაღები გახსნილიყო დეკემბრის თვეში, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ამ ეტაპზე ბაღები არ გაიხსნას. ჯერჯერობით ვერ გეტყვით როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპზე დასრულდა ტენდერი საახალწლო პაკეტებზე და ყველა ბავშვი, ვინც კი ჩარიცხულია, მიიღებს ტკბილეულს. გარდა ამისა, დავიწყეთ მუშაობა სასურსათო კალათებზე. ორივე პაკეტი ერთად გადაეცემათ აღსაზრელების მშობლებს, დაახლოებით, 20 დეკემბრისთვის. რა თქმა უნდა, დაცული იქნება კოვიდრეგულაციები,”- ამბობს ფროდიაშვილი.

მისივე თქმით, საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში 15 იანვრამდე გამოცხადდა.