პაპუაშვილი: 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლაში იქნება სამედიცინო კაბინეტი

457

ამ მოწვევის პარლამეტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლაში იქნება სამედიცინო კაბინეტი. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს განაცხადა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება რეაბილიტირებული.

„სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი, რეაბილიტირებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული“, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2308 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 – კერძო.