რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ყველა ოჯახს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, შეიქმნა საგანმანათლებლო არხი, რითაც პრობლემა გადაწყვიტეს.
„ყველა სკოლაში ინტერნეტის ამა თუ იმ ფორმით ხელმისაწვდომობა არის. თუმცა კარგად ვიცი, რომ ოჯახებში ინტერნეტზე წვდომა ან გაჯეტი ყველას არ აქვს. შესაბამისად, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და სისტემა დისტანციურზე გადავიყვანეთ, იმის გამო, რომ ვიცოდით, ყველას არ ჰქონდა წვდომა ონლაინზე, ერთ კვირაში შევქმენით „ტელესკოლის“ პროექტი. ბრიტანეთშიც აღმოჩნდა, რომ ყველას არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და ეს იყო მთავარი მიზეზი, რისთვისაც „ბიბისიმ“ დაიწყო „ტელესკოლის“ პროექტი. ჩვენთან შეიქმნა საგანმანათლებლო არხი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს, ასე გადავწყვიტეთ პრობლემა და იმუშავა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დავბრუნდით ბუნებრივ გარემოში და ონლაინ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.