განათლების მინისტრი: მასწავლებელი, რომელიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების მასწავლებელი არ უნდა იყოს

464

მასწავლებელი, რომელიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების მასწავლებელი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, მას ადამიანურად ესმის და არ უხარია, ვიღაც რომ ჩაიჭრება გამოცდაზე.

„თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება მისი ჩანაცვლება. სკოლებს აქვთ ვალდებულება, რომ იანვარში გამოცხადდეს კონკურსი. ახალი სისხლი და მასწავლებლობის მსურველთა ძალიან დიდი რაოდენობაა, რომელთაც ამ პროფესიაში შემოსვლა აინტერესებთ. ეს ჩვენ ძალიან გვიხარია. ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, მათ შორის ხელფასების ზრდის მიმართულებით, გვაქვს მკვეთრი ზრდა პროფესიაში შემოსვლის. ადამიანებმა, რომელთაც უნივერსიტეტებში გაიარეს 60-კრედიტიანი პროგრამა პედაგოგებისთვის, მათ დააფიქსირეს სურვილი, რომ შემოვიდნენ სასკოლო გარემოში, შესაბამისად, კონკურსების საფუძველზე, რომელიც იქნება მაღალ დონეზე ჩატარებული, ჩვენ გვეყოლებიან ახალი მასწავლებლები იმ ადგილებზე, რომლებიც გათავისუფლდება. შესაბამისად, ეს არის ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი სკოლებში ხარისხის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.