საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
როგორც მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას აღნიშნა, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით.
„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტენსიური მუშაობა გრძელდება. შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ერთობლივი ძალისხმევით 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს აშენდა 64 და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუსტად ამდენივე სკოლას. ამასთან, სკოლებში ეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებას, მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მოსწავლისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფის კუთხით მინისტრმა სკოლებში სოციალური კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების სისტემის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი იზრდება, რაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესებში ბავშვების ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას.
მისივე თქმით, პარალელურად იზრდება მანდატურების რაოდენობაც და პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, წელს მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო, რაც სკოლებში აღდგენითი პროცესების ხელშეწყობის, კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმის წარმოადგენს.
მიხეილ ჩხენკელმა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები, რომელთა რიცხვი ბოლო თვეებში ინტენსიური მუშაობის შედეგად საგრძნობლად შემცირდა.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით ეფექტიანი სისტემის შექმნა, რათა დროულად მოხდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა და მათი საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაცია.
მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლებში სამედიცინო კაბინეტების არსებობას. ამ ეტაპზე 648 დიდკონტინგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. მიმდინარე თვეში აღნიშნულ რიცხვს კიდევ რამდენიმე სკოლა დაემატება, ხოლო 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით.
მინისტრის თქმით, უკვე დამტკიცების ეტაპზეა სკოლის ექიმის სტანდარტი, რაც სკოლის ექიმის ფუნქციებისთვის საგანმანათლებლო კომპონენტის დამატებას გულისხმობს. ამის გარდა, სკოლებში მოქმედებს „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდება ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე,“- განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრი სიტყვით გამოსვლისას სკოლებში მოსწავლეთა კვებით უზრუნველყოფის ინიციატივასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით უკვე მუშაობს უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ზოგადი განათლების სფეროს განვითარებისთვის 2 მილიარდ 230 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი, რაც კიდევ ცხადყოფს, რომ განათლების სისტემის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.