დილიდან რამდენიმე ზარი შემოვიდა, როდესაც მომხმარებელს სთხოვეს სერტიფიკატი აცრის თაობაზე და კომპანია მხოლოდ „მწვანე საშვის“ აპლიკაციის წაკითხვით არ შემოიფარგლა – ამან ერთეულ შემთხვევებში შეფერხება შექმნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ რიგ კომპანიებს დღეს „მწვანე საშვის“ წამკითხველებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. მისი თქმით, „მწვანე პასპორტის“ აპლიკაციის გამოყენება მარტივია და იდენტიფიცირება ნებისმიერ წამკითხველს შეუძლია.
ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს მთავარია, რომ იქ, სადაც სავალდებულოა „მწვანე საშვის“ გამოყენება, ზედმიწევნით ზუსტად და კარგად მოხდეს აღსრულება და დარღვევის შემთხვევები არ იყოს.
„ჩვენ მიმდინარე რეჟიმში ვაკვირდებით, რამდენად შეუფერხებლად მუშაობს აპლიკაცია. პირველი დღეა და ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც დღეს შეიძლება გამოვლინდეს, აღმოიფხვრება დროულად და მომხმარებელს ამის გამო დისკომფორტი არ ექნება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.