გორის საკრებულო მწრთვნელებისთვის ანაზღაურების გაზრდას ითხოვს

454

გორის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოსგან 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები მიიღო. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტის განხილვის პროცესში უმრავლესობასთან ერთად ჩართული იყო ოპოზიციაც და საკუთარი წინადადებები მათაც წარმოადგინეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებთან ერთად ბიუჯეტის პროექტში მოქმედ საკრებულოს შენიშვნები ა(ა)იპ-ების ხარჯებსაც ეხება. დეპუტატები ფიქრობენ, რომ იმ თანხით, რაც გაწერილია სპორტის სააგენტოს დაფინანსებისთვის, შესაძლებელია ანაზღაურების გაზრდა მოხდეს მწრთვნელბისთვის.

“დავუბრუნეთ მერს ბიუჯეტის პროექტის შენიშვნები და 10 დეკემბრამდე უნდა დაგვიბრუნოს უკან შეცვლილი ან იგივე სახით განსახილველად. წარმოდგენილ დოკუმენტს უკვე ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები განიხილავენ. როგორც იცით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი საკრებულოები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება. რაც შეეხება შენიშვნების ნაწილს, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებს ეხებოდა ის ძირითადად. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მოქმედი საკრებულოს წევრების აზრით, სპორტის სააგენტოს მწრთვნელებს ხელფასი უნდა გაეზარდოს, ეს კი ა(ა)იპ-ისთვის გათვალისწინებული თანხით, რასაც 2022 წლისთვის მიიღებს, სავსებით შესაძლებელია”,-აღნიშნა ზაზა ნასყიდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2022 წლისთვის გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს.